საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება

საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება

  • 19 ივლისიდან ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პროექტში ჩართულია შემდეგი სოფლები: ერგნეთ-მამისაანთუბნი, ცაგერი, მაჭატია, შავშვები, ხურვალეთი, ზეგნი, დიდაჭარა, მერეთი, ანაკლია, თამარაშენი, განმუხური, რიყე და რუხი.

2 კვირის მანძილზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფილმების ჩვენება-დისკუსიები, კინოენის შემსწავლელი გაკვეთილები და ფილმების გადაღება. 13 კინოსპეციალისტი სოფლებში ორშაბათიდან გაემგზავრება. კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ გაიმართება.

„ზაფხულის კინოსკოლა“ პირველად 2015 წელს განხორციელდა ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. 2016 წლიდან კი პროექტის მხარდამჭერებს ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ შეუერთდა. პროექტის მიზანია საქართველოს რაიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლება და ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერება.

„ზაფხულის კინოსკოლა“ ნაწილია პროექტისა „კინო სკოლაში“, რომელიც მერვე წელია ხორციელდება.

წყარო

კულტურა საქართველო სიახლეები