23/04/2021

მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანის ტვინი მიუერთეს კომპიუტერს უსადენო ქსელით

  • რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ილონ მასკმა ღორის ტვინში ჩადებული Neuralink ჩიპის მუშა პროტოტიპი წარადგინა, როდ-აილენდის (აშშ) ბრაუნის უნივერსიტეტის ექსპერტებმა უსადენო კავშირი დაამყარეს კომპიუტერსა და ადამიანის ტვინს შორის.

კვლევის ფარგლებში 35 და 63 წლის ორმა პარალიზებულმა მამაკაცმა, რომლებმაც ადრე ზურგის ტვინის ტრავმები გადაიტანეს, გამოიყენეს უსადენო გადამცემის მქონე სისტემა BrainGate, რათა აერჩიათ ობიექტი და გამოეტანათ ტექსტი ჩვეულებრივ პლანშეტ-კომპიუტერზე. სისტემა, რომელიც აღწერილია ჟურნალ IEEE Transactions on Biomedical Engineering-ში, მუშაობს მცირე ზომის გადამცემით, რომელიც მხოლოდ 40 გრამს იწონის და ადამიანის თავზე მაგრდება. გადამცემის მქონე ბლოკი თავის ტვინის მოტორულ ქერქში იმპლანტირებულ ელექტროდების მატრიცას უკავშირდება ისეთი პორტის მეშვეობით, როგორიც ანალოგიურ სადენიან სისტემებში გამოიყენება. 

image.png

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს იმავე სიზუსტისა და მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მიღწევა, რაც შესაძლებელია სადენიანი მოწყობილობის გამოყენებისას. ცნობილია, რომ BrainGate ტექნოლოგია 24 საათის განმავლობაში ავტონომიურად ფუნქციონირებს, რაც საშუალებას იძლევა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი გამოყენებულ იქნას ძილის დროსაც კი. ამგვარი რამ მეცნიერებს მისცემს უფრო მეტი მონაცემის შეგროვების შესაძლებლობას შესასწავლად. 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი განსხვავება უსადენო ინტერფეისსა და ადრე გამოყენებულ სისტემებს შორის არის ის, რომ ადამიანს აღარ სჭირდება სტაციონარულ მოწყობილობებზე მიბმა, რაც სისტემის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. 

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ინტერფეისის წყალობით მათ საშუალება ექნებათ დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდნენ ადამიანების ტვინის აქტივობას, რაც ამ დრომდე თითქმის შეუძლებელი იყო. სამომავლო პერსპექტივაში იგი ხელს შეუწყობს დეკოდირების ალგორითმების შემუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პარალიზებული ადამიანების შესაძლებლობებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *