14/12/2020

“პირველ რიგში პედაგოგმა კარგად უნდა იცოდეს და ესმოდეს თავისი საგანი” – ზაზა მანია

  • ზუგდიდელი ზაზა მანია პროფესიით პედაგოგია. დაამთავრა მეორე საჯარო სკოლა, ასევე დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრატურა და მას შემდეგ მუშაობს სკოლაში. გარკვეული დროის განმავლობაში, მუშაობდა რუსთავისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სკოლებში. მუშაობს ინგირის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგად.

“პირველ რიგში პედაგოგმა კარგად უნდა იცოდეს და ესმოდეს თავისი საგანი, ასევე ისე უნდა ასწავლოს და მოსწავლეებს ისე უნდა მიაწოდოს მასალა, რომ გასაგები და ადვილად აღსაქმელი იყოს მათთვის. გარდა ამისა, მოსწავლეების და კოლეგების მხრიდან პატივისცემას იმსახურებდეს.” – ზაზა მანია

რას აფასებთ ზოგადად მოსწავლეში?

– რა თქმა უნდა, კარგ სწავლას, მასწავლებლებისადმი და კლასებეისადმი პატივისცემას. ასეთ შემთხვევაში, ის აუცილებლად დაიმსახურებს საპასუხო პატივისცემას. აგრეთვე მომწონს მიზანდასახული მოსწავლეები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ოცნებები და მიზნები აიხდინონ.

თქვენს პროფესიაზე ბავშვობიდანვე ფიქრობდით თუ გქონდათ სხვა სურვილებიც?

– არა, ბევრჯერ შევიცვალე აზრი პროფესიაზე. ბავშვობაში მინდოდა ჟურნალისტი გავმხდარიყავი, მეგონა, რომ პოპულარული გავხდებოდი. ამიტომაც მოსწავლეების გაზეთისთვის ვწერდი სტატიებს. ამის შემდეგ სხვა პროფესიამ უფრო დამაინტერესა და მასწავლებლობის გადაწყვეტილება უფრო უნივერსიტეტში სწავლის დროს მივიღე და დავიწყე პედაგოგიური უნარ-ჩვევების შეძენა.

შესაბამისად მონაწილეობაც გაქვთ მიღებული ჟურნალისტთა კლუბში

-დიახ, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უშვებდა გაზეთს და ახლაც უშვებს ჟურნალ, “სარკმელს”. ამ გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი სტატიები, ძირითადად, სპორტზე. აგრეთვე ვადგენდი კროსვორდებს და მასაც აქვეყნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი არ გავხდი, მაინც სასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი, გამოცდილება მივიღე, რაც გამომადგა ჩემს საქმიანობაში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე დიდი ხანია მონაწილეობას იღებთ და აქტიური მონაწილე ხართ საქართველოს ინტელექტუალური კლუბისა...

მოგვიყევით ამის შესახებ – ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში სკოლის სახელით ვიღებდით მონაწილეობას “რა? სად? როდის?”-ში , ხშირად ვიმარჯვებდით. თბილისში სწავლის გაგრძელების შემდეგ გადავწყვიტე, გამეგრძელებინა თამაში, ამჯერად უკვე ადგილობრივ კლუბებს შორის გამართულ შეჯიბრებებში ვიღებდით მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონატში კარგ შედეგებს ვაჩვენებდით, ერთხელ მესამე ადგილზეც გავედით. როგორც ჩანს, ჩვენი კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩა და სატელევიზიო თამაშის კასტინგზე მიგვიწვიეს და შეგვარჩიეს ამ გადაცემისთვის. პირველად 2015 წელს გავიდა გადაცემა ჩემი მონაწილეობით ეთერში, მეორედ წელს გავა.

თქვენი აზრით დღევანდელი თაობა რით განსხვავდება თქვენი თაობისგან?

– მისწრაფებებით ალბათ დიდად არ განსხვავდებიან, უდიდეს ნაწილი მიზანდასახულია, ყველას სურს ისწავლოს, შემდეგ თავისი ადგილი იპოვოს ცხოვრებაში. განსხვავება ალბათ ის არის, რომ ახალი თაობისთვის უფრო ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ინტერნეტს უკეთესად იყენებენ საკუთარი ინტერესის, მისწრაფებების გამოსახატავად, ყველას შეუძლია საკუთარი ცეკვა, ნახატი, ლექსი თუ მოთხრობა ატვირთოს ინტერნეტში და პოპულარული გახდეს. ჩვენს დროს ასე არ იყო. შესაბამისად, ახალი თაობა უფრო დამოკიდებულია კომპიუტერზე, ვიდრე ჩემი იყო. ჩვენს დროს უფრო ხშირად იკრიბებოდნენ ბავშვები უბნის სათამაშო მოედანზე და ფეხბურთს თამაშობდნენ, ასეთ მისწრაფებას ახალ თაობაში ნაკლებად ვამჩნევ…

თქვენს მიზნებზე გვესაუბრეთ, რას გინდათ რომ მიაღწიოთ მომავალში?

– ჩემს პროფესიაში ვგეგმავ სტატუსის ამაღლებას, ამისთვის კი საკმაოდ დიდი შრომაა სკოლაში საჭირო. გარდა ამისა, მსურს, წარმატებული ვიყო სხვა სფეროებშიც, სადაც მონაწილეობას ვიღებ, მათ შორის, “რა? სად? როდის?”-ში. აგრეთვე მსურს, რომ ჩემი მოსწავლეები იყვნენ წარმატებულები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ

რას უსურვებთ დღევანდელ ახალგაზრდებს?

– ვუსურვებ და ვურჩევ იყვნენ მიზანდასახულები, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია და გახდნენ პროფესიონალები. ასეთ შემთხვევაში ისინი აუცილებლად იქნებიან წარმატებულები.

ავტორი: ნინი კაკულია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *