09/04/2021

კალამი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც შეცდომების დაშვების უფლებას არ მაძლევს – კონსტანტინე კვინჩია

  • ზუგდიდელი, თვითნასწავლი მხატვარი კონსტანტინე კვინჩია რუხის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ხატვა 4 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ, 70-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. ახალგაზრდა შემოქმედი “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ძირითადად კალმით ხატავს.

კონსტანტინე კვინჩია: ხატვა ჩემთვის სიმშვიდესთან, თავისუფლებასთან და ფანტაზიის შემოქმედებითობასთან ასოცირდება. როცა ხატვას ვიწყებ, ვფიქრობ, თითოეულ დეტალზე. მინდა ნამუშევარი კრეატიული, ლამაზი და უშეცდომო გამომივიდეს. ხატვა სულიერი საზრდოა, რომელიც მეხმარება ჩემი გრძნობების გამოხატვაში.

-რომელ სამუშაო მასალას ანიჭებ უპირატესობას?

-ჩემს ნახატებს თვალს თუ გადაავლებთ, მკვეთრად იგრძნობა კალმით შესრულებული ნამუშევრები. კალამი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც შეცდომების დაშვების უფლებას არ მაძლევს. 

-პერსონალური გამოფენა არ გქონია?

-არა. ვფიქრობ, ჯერ ადრეა. დროთა განმავლობაში, როცა გავიწაფები ხატვაში გამოფენასაც ჩავატარებ და საზოგადოებას წარვუდგენ ჩემს ნამუშევრებს. ამ ეტაპზე, სიამოვნებისთვის ვხატავ. მინდა, ეს ნიჭი არქიტექტურაში გამოვიყენო.

-ვინ არის შენი ნამუშევრების შემფასებელი?

-ოჯახის წევრები, ნათესავები და რა თქმა უნდა, მეგობრები.

-სხვადასხვა კონკურსში მიგიღია მონაწილეობა…

-დიახ. პირველად, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის კონკურსში “ნახატები ბიბლიურ თემებზე” მივიღე მონაწილეობა.  სხვა კონკურსებშიც უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.

-საყვარელი მხატვარი?

-ძალიან მომწონს ზურა ტოტიკაშვილის ნამუშევრები. ზურას “ლაივებით” ვისწავლე კალმით ხატვა და დღემდე ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები დავხვეწო. ძალიან მიყვარდა ზუგდიდელი მხატვარი ბუხუტი შონია, რომელიც სამწუხაროდ, ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მქონდა იმის, ბედნიერება და პატივი, რომ მისი ნამუშევრები მენახა. მან თავისი ერთ-ერთი ნახატი მაჩუქა, სწორედ, ბატონმა ბუხუტმა მომცა პასტელები და ამის შემდეგ, დავიწყე ხატვა.-მითხარი, “ბრინჯით ხატვა“ უნდა შევისწავლოო…

-დიახ. ბრინჯით ხატვა ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, მაგრამ იმედია ყველაფერი გამომივა. მინდა, ეს სფერო ძირფესვიანად შევისწავლო.

-შენი ჰობი? 

-დავდივარ კალათბურზე. ადრე, ჭადრაკზე დავდიოდი. მონაწილეობას ვღებულობდი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?”. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, ვერ ვახერხებ ღონისძიებებში მონაწილეობას.

-სამომავლო გეგმებზეც მითხარი?

-დიდი სურვილი მაქვს, არქიტექტურაზე ჩავაბარო და ჩემი შესაძლებლობები ქვეყანას მოვახმარო. სამომავლოდ, ვაპირებ გამოფენის გამართვას.

ირაკლი გვასალია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *