07/04/2021

10 000 ლარით დაჯარიმდებიან სკოლები „ბუფეტების“ თვითნებურად გახსნისთვის

სახელოვნებო და სასკოლო წრეები უკვე გაიხსნა, თუმცა სკოლის სასადილოები კვლავ დაკეტილია; ყოველ შემთხვევაში ასეთია ოფიციალური ინფორმაცია და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის გაცემულია რეკომენდაცია – „ბუფეტები“ იყოს დაკეტილი.

თუმცა, მედიამ მშობლებისგან შეიტყო, რომ ზოგ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვების ობიექტი გახსნილია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. რაც შეეხება კერძო სკოლებს, როგორც გვაცნობეს, იქ სრული განუკითხაობაა, სასადილოებში უშველებელი რიგებია, სადაც სოციალური დისტანციის დაცვაზე საუბარიც ზედმეტია.

როდის იხსნება სკოლის სასადილოები? – ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით „ბუფეტებზე“ შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება და სკოლებს აქვთ მითითება, კვების ობიექტები დაკეტილი იყოს.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, სახელმწიფოს მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება დიდად არ აქვს, თუმცა რეკომენდაცია მათზეც ვრცელდება; კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში კი როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლა 10000 ლარით ჯარიმდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *