03/04/2021

ორსანტიის სოფელში მასობრივი ტესტირება დაიწყო – სოფელში 3 დღის განმავლობაში 17 შემთხვევა გამოვლინდა

  • მასიური ტესტირება მოხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ. მისი თქმით, სოფლის 51 მცხოვრები შეამოწმეს კორონავირუსზე. დღეს ვირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა.

31 მარტიდან მოყოლებული დღემდე, ზემოხსენებულ სოფელში სულ 17 შემთხვევაა დადასტურებული. მალხაზ თორია ამბობს, რომ ორსანტიაში კოროავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ ფოთში მდებარე “აჭარა ტექსტილს” უკავშირდება. სწორედ აქ მომუშავე 4 ქალს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი. ისინი ორსანტიის მცხოვრებლები არიან.

“ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები. მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, რომელიც ორსანტიაში იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები. მათი ნაწილი დღეს გაიტესა და პროცესი გრძელდება. სოფელში პოლიციასთან ერთად, მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი. ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების მასიური ტესტირება.

სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ხვალიდან ორსანტიაში ტესტირების პროცესში სამი ბრიგადა ჩაერთვება.

ქვეყნის მასშტაბით იმატებს კორონავირუსის შემთხვევები. ეპიდემიოლოგების თქმით, იგეგმება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *