03/04/2021

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. კერძოდ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შსს-ს დანაყოფების ორგანიზებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზემოხსენებულ სოფელში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. ამ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

“პოლიცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან”, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *