03/04/2021

„განსხვავებული მიდგომები იქნება ელექტრონულ ჟურნალზე სხვადასხვა სკოლის შემთხვევაში“

  • სკოლებში მატერიალური ჟურნალები აღარ იქნება, შეფასებები ელექტრონული ჟურნალების საშუალებით იწარმოებს.

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის, ნინო ეფხოშვილის განცხადებით, იმ სკოლებთან, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ, შესაძლოა, განსხვავებული მიდგომებით იმოქმედონ. ​

„ინტერნეტის პრობლემა და მოწყობილობები არის უმთავრესი გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ვმუშაობთ, რომ მოხდეს საჯარო სკოლების WI-FI სისტემით უზრუნველყოფა, თუმცა ყველა სკოლაში არის ინტერნეტი. არ არსებობს დიდი სკოლა, სადაც ინტერნეტი არ არის.

მაღალმთიან რეგიონების ყველა სკოლაშიც არის ინტერნეტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ამინდი შეიცვალოს და არ არის ტექნოლოგიური მზაობა, რომ ინტერნეტმა იმუშაოს გამართულად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ეს სიტუაცია. როდესაც მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის წარმოება იქნება სავალდებულო და მატერიალური ჟურნალი აღარ იქნება, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ასეთ მოცემულობასაც და შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა სკოლის შემთხვევაში…

ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო იქნება ყველა სკოლისთვის, თუმცა აქ აქვს მნიშვნელობა, რა ინტენსივობით იქნება წარმოება. იქ, სადაც არ არის WI-FI და შესაბამისი მოწყობილობები, ჩვენ ვერ მოვთხოვთ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას, რომ გაკვეთილზე შესვლისთანავე აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი“, – განაცხადა ნინო ეფხოშვილმა.

მატერიალური ჟურნალის გაუქმებასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულოდ დანერგვას მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *