02/04/2021

რა წესების დაცვა მოუწევს სკოლის მოსწავლეებს მეორე სემესტრის შენობაში დასრულებისათვის – მინისტრის მოადგილის მოწოდება

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.

ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს და სასწავლო პროცესი კვლავ უსაფრთხოდ წარიმართოს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სამინისტრო სკოლებს ხელს შეუწყობს საჭირო რესურსით აღჭურვაში,  შემთხვევით შერჩევის პრინციპით სამინისტროს პირველი პირები და რესურსცენტრები სკოლებში კვლავ სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებენ. ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა ტესტირება.

ფაქტი, რომ სკოლებში ვირუსთან საბრძოლველად ჰიგიენა მაღალ დონეზეა დაცული, სამინისტროს მიერ მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხული სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის თანახმად, სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც საგანგაშო არის, თუმცა, მინისტრის მოადგილე  მიიჩნევს, რომ პოზიტიური შედეგების შესანარჩუნებლად, პროტოკოლის მუდმივი შეხსენება და მაქსიმალური ყურადღება აუცილებელია.

როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *