02/04/2021

ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში ინკლუზიური განათლების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევას შევძლებთ – მიხეილ ჩხენკელი

  • 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ დღის დაწესება აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ყველას შევუქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები, უზრუნველვყოთ განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე იქნება მორგებული, – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.

„სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება „ინკლუზიური სწავლების პროგრამა“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ინტეგრირებული კლასების მოდელის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციისთვის სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს, ვინც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე ზრუნავს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საქართველოში ინკლუზიური განათლების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევას“, – განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *