31/03/2021

ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საჯარო ლექციას „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე“ დაესწრო, რომელიც საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო დესპანმა გერმანიის ფედერაციულ რესპულიკაში კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა.

საჯარო ლექციის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდულ ინტელექტუალურ თამაშზე ,,ბრეინ რინგი“ იმყოფებოდა, რომელიც საერთო სახალხო რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე ჩატარდა.

ინტელექტუალურ თამაშში საჯარო სკოლების 12 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის გუნდმა ,,7 მნათობი“ მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო და საჩუქრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

ღონისძიება გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრშიც. მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით ჩატარდა იმიტირებული არჩევნები.

ახალგაზრდების ნაწილმა იმიტირებულ არჩევნებში ხმა მისცა 1991 ლის 31 მარტის რეფერენდუმს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ხოლო ნაწილმა მათ მიერ ინიცირებულ არჩევნებში მხარი დაუჭირა 2021 წლის 31 მარტის რეფერენდუმს – გახდეს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *