28/03/2021

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს

  • დღევანდელი დაპირისპირება, საქართველოს დროით 20:00-ზე დინამო არენაზე გაიმართება. მატჩს კოვიდრეგულაციების დაცვით, გულშემატკივრების 30% დაესწრება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მეკარემ გიორგი ლორიამ პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

„შვედეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში არაფერს შევცვლიდი, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. მნიშვნელოვანია, რომ ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ როგორ ვთამაშობთ და როგორი თამაში გვინდა მომავალში, მიუხედავად იმისა ვინ იქნება მეტოქე ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო თუ სხვა რომელიმე გუნდი. შესაძლებელია, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ, სასტარტო შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. მოედანზე ვინც არ უნდა გამოვიდეს, ყველას ჩემი სრული ნდობა და მხარდაჭერა ექნება.” განაცხადა პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლმა.

„საქართველოს შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციაც არ გაგვაჩნია, შვედეთთან მისი ბოლო მატჩი ვნახე. გამოჩნდა, რომ ბურთის კონტროლს ცდილობს და დაცვაში კარგად თამაშობს. ხვალინდელ მატჩს რაც შეეხება, არ გამოვრიცხავ, რომ საბერძნეთის მსგავსი თამაში გველის. საქართველოს ნაკრებმა სტოკჰოლმში კარგი თამაში აჩვენა. არ გვგონია, რომ ხვალ ჩვენთვისაც იოლი მატჩი იყოს. საინტერესო შეხვედრა იქნება, ამიტომ ბრძოლა მოგვიწევს. რთული მატჩი გველის, მაგრამ იმედია, მოვიგებთ“ – განუცხადა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებს.

ჯვაროსნები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, შვედებთან სტუმრად, ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ. ხოლო ესპანელებმა შინ ბერძნებთან, ფრედ, 1-1 ითამაშეს.

საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ. 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *