28/03/2021

დღეს ბორჯღალოსნები რუმინეთს დაუპირისპირდებიან

  • დღეს, 28 მარტს ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს შინ, „მიხეილ მესხზე“ რუმინელების წინააღმდეგ გამართავენ და მოგების შემთხვევაში, ვადაზე ადრე მოიპოვებენ ჩემპიონობას.

თამაშს სამმაგი დატვირთვა ექნება. გარდა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, გუნდებს შორის გათამაშდება ტრადიციული, „ანთიმოზ ივერიელის თასი“; გარდა ამისა, წლევანდელი და მომავალი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ჯამის მიხედვით, ორი მოწინავე 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

ჩვენ და რუმინეთი 2000 წლიდან მინიმუმ ერთხელ ყოველწლიურად ვეთამაშებით ერთმანეთს და დღემდე გამართული 24 მატჩიდან (11-11 შინ და გარეთ, 2 ნეიტრალურზე), 14 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 9 „მუხების“ , ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. საქართველომ მეტოქეს გაუტანა 45 ლელო და 476 ქულა, თავად კი 32 ლელო და 394 ქულა გაუშვა.

მთავარ და პრინციპულ მეტოქესთან, ქართული მხარის ინიციატივით, 2002 წლიდან თამაშდება საზიარო, „ანთიმოზ ივერიელის თასი“, რომელიც ბორჯღალოსნებმა 13-ჯერ მოიგეს, რუმინელებმა კი 6-ჯერ.

ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იყო ხელმისაწვდომი.

მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *