28/03/2021

ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს (ვიდეო)

  • მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი და რუმინელი მორაგბეების დაპირისპირება ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 28-17 დასრულდა.

ქართველებმა პირველი საჯარიმო ლელო მე-9 წუთზე მიითვალეს.

თამაშის მე-18 წუთზე, თედო აბჟანდაძის ჯარიმამ საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ანგარიში 10-0 გახდა. რამდენიმე წუთში, რუმინეთის ლელომ და ზუსტმა გარდასახვამ ახალი ანგარიში, 10-7 დააფიქსირა. შეხვედრის პირველი ნახევრის დასასრულს გვიანი ბოჭვისთვის გაიცა სანქცია, აბჟანდაძემ შანსი არ გაუშვა და პირველი ნახევარი ანგარიშით 13-7 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ეფექტური აღმოჩნდა ქართველების შეტევა თამაშის 49-ე წუთზე და ბექა გიგაშვილის ლელომ ბორჯღალოსნებს 5 ქულა მოუტანა. შედეგად, გარდასახვის გათვალისწინებით, ანგარიში 20-10 გახდა.

ამის შემდეგ, 10-ქულიანი უპირატესობა 59-ე წუთზე, რუმინელების ლელოს შემდეგ, 3 ქულამდე შემცირდა და ანგარიში 20:17 გახდა. 63-ე წუთზე ვითარება კვლავ დაიძაბა, ბორჯღალოსნებს ჯარიმის უპირატესობა მიეცათ, თუმცა საბოლოოდ, ეს ანგარიშზე ვერ აისახა. შთამბეჭდავი იყო აკა ტაბუცაძის ლელო 68-ზე წუთზე, რომელმაც დაძაბულ ვითარებაში, არაერთი რუმინელი მეტოქე მოიტოვა უკან და ბურთის დამიწება შეძლო. შედეგად, ბორჯღალოსნების უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა და ანგარიში 25-17 გახდა. შეხვედრის ბოლო წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა იმარჯვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 28-17 დაფიქსირდა.

შეხვედრას, კოვიდრეგულაციების დაცვით, მაყურებელიც დაესწრო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *