20/03/2021

სამინისტრო განიხილავს, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვისას სკოლის შედეგიც გაითვალისწინონ

  • განათლების მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, განიხილება, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებზე არ იყოს დამოკიდებული და გაითვალისწინონ სკოლის შედეგებიც, მაგალითად, საშუალო ნიშანი, რეკომენდაცია და ა.შ. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა პარლამენში, გაერთიანებულ კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატების მოსამენისას ისაუბრა. მან ამერიკის მაგალითზე მიუთითა და თქვა, რომ იქ, გარდა საერთო გამოცდებისა, უნივერსიტეტები სხვა შედეგებსაც ითვალისწინებენ, რაც სკოლის მნიშვნელობასაც ზრდის.

“ჩვენ ვიხილვთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გაითვალიწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიცაა საშუალო ნიშანი (GPA), რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობის გამოცდილება… ჩამოვთალე ის კომპონენტები, რაც ამერიკაში ხდება და იქ დიდი ხანია ეს აპრობირებულია. ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ”, — თქვა ჩხენკელმა და მიუთითა იმაზეც, რომ ამ დროისთის, უნივერსიტეტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩარიცხვისთვის მათთვის მისაღები ზღვარი დააწესონ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია ეროვნული გამოცდების რეფორმაც, თუმცა ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ გამოცდები უნივერსიტეტში გადავიდეს.

“ეროვნული გამოცდების ფორმა, რაც ახლა გვაქვს, აუცილებლად საჭიროებს რეფორმას, არამხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე, ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე და უფრო კრეატიულ, შემოქმედებით მიდგომაზე და ფიქრზე, ვიდრე ფაქტების ცოდნაზე გამოცდების დროს”, — თქვა ჩხენკელმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *