19/03/2021

ეს რჩევები სმარტფონისგან თავის დაღწევასა და კითხვის დაწყებაში დაგეხმარებათ

  • თუ წიგნის კითხვის ნაცვლად, თქვენს ძირითად დროს სოციალურ მედიას ან ყურადღების გასაფანტ სხვა აქტივობებს უთმობთ, მისი თავიდან დაწყება, შესაძლოა, რთული იყოს, მაგრამ აქ მოყვანილი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ.

2019 წელს წიგნის კითხვას მხოლოდ ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში სულაც არ იწყებენ. კითხვის მოყვარულებისთვის დღეს ინსტაგრამის გვერდები და პოდკასტებიც კი არსებობს. დიდი შანსია, რომ შეგინიშნავთ თქვენი მეგობრები, რომლებიც წიგნის კლუბების წევრები ხდებიან ან ინსტაგრამზე წიგნების ლამაზად გაფორმებულ ფოტოებს აქვეყნებენ. კითხვა, როგორც ადრე, ახლაც საკმაოდ პოპულარულია.

რატომ? ალბათ იმავე მიზეზით, რის გამოც ისეთი ჰობების მიმართ დაგვიბრუნდა ინტერესი, როგორებიცაა პაზლების აწყობა და ქარგვა: დღეს ჩვენი გონება ციფრული ინფორმაციითაა გაჟღენთილი, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ძველ გასართობებს ვიხსენებთ. თუმცა, მათზე სასაუბროდ კვლავ ონლაინ პლატფორმებს ვიყენებთ.

სოციალურ მედიაში წიგნთან დაკავშირებული გვერდები გამოიწერეთ

თუ დიდი ხანია, რაც აღარ კითხულობთ, თავიდან დაწყება საკმაოდ რთულია. ცხოვრების ძირითადი დროის ინტერნეტში გატარების შემდეგ მისგან ცოტახნით მაინც მოწყვეტაც, შესაძლოა, დიდი გამოწვევა იყოს. თუ ინსტაგრამზე იმ გვერდებს გამოიწერთ, რომლებიც წიგნებზე პოსტებს რეგულარულად ავრცელებენ, ახალი იდეები გაგიჩნდებათ.

წაიკითხეთ ის, რაც გინდათ

თუ დიდი ხანია არაფერი წაგიკითხავთ, საკუთარი თავისთვის დიდი გამოწვევების დაწესება, შესაძლოა, გამოსავალი არ იყოს. ბევრი ჩვენგანისთვის ეს არარეალურია, ამიტომ თქვენს თავს ჰკითხეთ: გაინტერესებთ თუ არა რაიმე თემა, რომელზეც წიგნს დიდი სიამოვნებით წაიკითხავდით? ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომლის ნაწარმოებიც ადრე მოგეწონათ და ახლა მის დანარჩენ შემოქმედებას გაეცნობოდით? თქვენთვის საყვარელი წიგნი ხომ არ მოგეპოვებათ, რომელსაც თავიდან წაიკითხავდით? როცა ახალი რომანის დაწყება მიჭირს, ხშირად თავს რთული წიგნის დაწყებით ვსჯი. მაგრამ საბოლოო ჯამში, 200-გვერდიანი ნაწარმოების წაკითხვა, რომელშიც ბევრ რამეს ვსწავლობ, ძალიან სასიამოვნოა და მომავალში სხვა წიგნების დაწყებაც უფრო მარტივი ხდება.

გაწევრიანდით ბიბლიოთეკაში

ბიბლიოთეკებს სულ უფრო და უფრო ნაკლები მკითხველი ჰყავს და ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბევრი მათ სათანადოდ არ აფასებს. თუ წიგნების შესაძენად ფინანსები ხელს არ გიწყობთ ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ნამდვილად ღირს. თქვენ შეძლებთ მიიღოთ რჩევები, უფასოდ იკითხოთ და თავი დაანებოთ იმ წიგნების კითხვას, რომლებიც არ მოგეწონებათ. ბევრ დაწესებულებაში წიგნის კლუბებიც შეგხვდებათ.

შეადგინეთ წასაკითხი წიგნების სია

წიგნების სიის ჩამოწერამ, შესაძლოა, თქვენი მოტივაცია აამაღლოს. მის შექმნას წიგნის მოყვარულთა სოციალურ ქსელში, Goodreads-ზე მარტივად მოახერხებთ, სადაც შეგიძლიათ დაიმახსოვროთ უკვე წაკითხული და მომავალში წასაკითხი წიგნები. მეგობრების დამატებაცაა შესაძლებელი, რაც კონკურენტუნარიან გარემოს შექმნის.

სცადეთ აუდიოწიგნების გამოყენება

თუ წიგნებზე კონცენტრაციას ან უბრალოდ თავისუფალი დროის გამონახვას ვერაფრით მოახერხებთ, შესაძლოა, აუდიოწიგნის გამოყენება კარგი იდეა იყოს. ბევრი ადამიანი ამ საშუალებას სერიოზულად არ იღებს, თუმცა სულ ტყუილად. მათი საშუალებით ზუსტად იგივე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ. განსხვავება ისაა, რომ მათ გამოყენებას სადილის მომზადებისას ან სეირნობისასასაც კი მოახერხებთ.

მობილური ტელეფონისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ? გადმოიწერეთ მასში წიგნები

ყოველდღიური კითხვისთვის დროის პოვნა საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვმუშაობთ თუ მეგობრების ნახვა გვსურს. მიუხედავად ამისა, ეს შეუძლებელი არაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებით? შესვენება გაქვთ ლანჩისთვის? ამ დროს აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი. მობილურში Kindle-ის აპლიკაციის გახსნა ისეთივე ადვილია, როგორც Twitter-ის. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *