03/03/2021

15 მარტიდან დისტანციური სწავლების არჩევის უფლება იზღუდება? – მთავარ კითხვას განათლების სამინისტრო პასუხობს

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში

 უნდა განახლებულიყო, მაშინვე გაირკვა, მოსწავლეებს დისტანციური სწავლების არჩევის უფლება დიდ ქალაქებში ჰქონდათ. მასწავლებლებს კი – ვინ საკლასო ოთახებში ასწავლიდა და ვინ დისტანციურად დარჩენილ ბავშვებს – სკოლა თავად გადაანაწილებდა.

თუმცა დაგვეთანხმეთ, ეს საკითხი მარტივად რეგულირებადი სულაც არ არის. ახლა კი უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 მარტიდან ონლაინ-სწავლების არჩევანი იზღუდება და გაკვეთილებზე სასკოლო სივრცეში დასწრება სავალდებულო ხდება.

საკითხის გადამოწმება განათლების სამინისტროში ვცადეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ დისტანციური სწავლების არჩევა მშობლებს კვლავ ექნებათ და ცრუ ინფორმაცია გავრცელდა:

„მსგავსი კითხვით ჩვენც მოგვმართეს და სიმართლე გითხრათ, არ ვიცით, რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური, რადგან 15 მარტიდანაც, მშობლებს ჩვეულებრივ შეეძლებათ ​დისტანციურის არჩევის უფლება“.

გასაგებია, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება, თუმცა საინტერესო ისაა, საიდან და რატომ ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია. აშკარაა, რომ სკოლებს უჭირთ ორად გაყოფილი კონტინგენტისა და სასწავლო პროცესის მართვა – ზოგი დისტანციურზეა, ზოგი საკლასო ოთახებში, ეს ყველფერი კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *