28/02/2021

საგანმანათლებლო პროცესის რეგულირების წესში ცვლილება შევიდა – რა უფლებებს ანიჭებს პრემიერ-მინისტრი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს

მარტიდან, საქართველოს მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები, 15-დან კი სასკოლო წრეები იხსნება, თუმცა ისინი ვერ იმუშავებენ, თუ  შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადებითი დასკვნა არ გაიცემა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანმანათლებლო პროცესის რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა:

„დაწესებულებებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს  დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – შრომის ინსპექციის სამსახური) უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე“.

ასევე, პრემიერ მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა უფლება, საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად:

„საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების  (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა)“. და ამასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას, შეუძლია დასაქმებული პირი, თავისი შეხედულებისამებრ გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე:

„საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული  პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა: „როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად“

რამდენად ეფექტური იქნება ეს გატარებული ღონისძიებები და როგორ აისახება ცვლილება საგანმანათლებლო პროცესზე, მალე გამოჩნდება, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი დადგენილების სრული ვერსია კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *