27/02/2021

როგორია კოვიდსტატისტიკა სკოლებში. განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა, – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.

„მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი ასევე უწყვეტად მიმდინარეობს. შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. ამ კუთხით, საქართველოს მასშტაბით, რეკომენდაცია მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიეცა“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში

სამინისტროში აცხადებენ, რომ განათლების ხარისხთან ერთად, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა მათი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„სწორედ ამიტომ, ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სკოლებს ჰქონდეთ ჰიგიენური საშუალებების მარაგი. ხაზგასასმელია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ახალი ფორმა. სკოლებში არსებული გარემოს მონიტორინგი კოვიდპანდემიის პერიოდში, სწორედ აღნიშნული ფორმით განხორციელდება. კერძოდ, მონიტორინგის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტებთან ერთად, ჩართულები იქნებიან სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *