26/02/2021

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლაში სიარული ​შაბათსაც შეიძლება მოუწიოთ – გადაწყვეტილებას დირექტორები მიიღებენ

„სკოლები ვალდებულნი არიან დააორგანიზონ სასწავლო პროცესი“ – ეს განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დიახ, სკოლებმა უნდა მოაგვარონ მოსწავლეთა დისტანცირების საკითხი, მართონ ნაკადები, რათა შენობაში ზედმეტად ბევრი მოსწავლე არ მოხვდეს, ასევე მშობლებს აქვთ უფლება, დისტანციური სწავლება აირჩიონ… მაგრამ ზოგ სკოლაში ათასი და მეტი მოსწავლეა, ასეთ შემთხვევაში კი სკოლის განტვირთვა ისე ვერ მოხდება, ზედმიწევნით იყოს დაცული სოციალური დისტანცია, რომელიც დღეს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს სკოლის ხელმძღვანელობა? – სამინისტროსგან არის მითითება, მოსწავლეები ცვლებში გადაანაწილოს და ასევე შეუძლიათ შაბათიც გამოიყენონ სწავლებისთვის: „სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე“.

და თუ გავითვალისწინებთ მრავალრიცხოვანი სკოლების მდგომარეობას, დიდი ალბათობით, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც შაბათს სკოლაში სიარული მოუწევთ, ოღონდ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დირექციის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *